English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლია თოთლაძე
ურბანიზაციის შემოსავლების განაწილებაზე ზეგავლენის მოდელირება

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.LIA.TOTLADZE

ანოტაცია. თანამედროვე სამყარო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. პოსტპანდემიურ გამოწვევებს დაემატა რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი  გლობალური ხასიათის ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სხვა სახის პრობლემები. ამ რეალობაში, ცხადია ყველა ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მდგრადი განვითარების შესაბამისი ტემპები. ურბანიზაცია, როგორც ფენომენი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების მიზნებში.  იგი მრავალმხრივი მოვლენაა და ცალსახად მისი შეფასება შეუძლებელია.

ნაშრომში განხილულია ურბანიზაციის, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის არსი და მისი კავშირი  ქვეყნის განვითარების ინდიკატორებთან. გაანალიზებულია ურბანიზაციის დადებითი და უარყოფითი ეფექტები. ემპირიულ ასპექტში კი  ყურადღება გამახვილებულია ქალაქად მოსახლეობის კონცენტრაციის რაოდენობრივ ასპექტებზე  და აგებულია ზიფის მრუდი საქართველოს ქალაქებისათვის. საქართველოში რეგიონულ ჭრილში ურბანიზაციის შემოსავლების განაწილებაზე ზეგავლენის შესწავლისათვის  აგებული და შეფასებულია შემოსავლების განაწილებაზე ურბანიზაციის  გავლენის  ეკონომეტრიკული მოდელი. მოდელში ურბანიზაციის გარდა ჩართულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადამიანისეული კაპიტალი. მოდელირების შედეგების მიხედვით ურბანიზაცია ხელს უწყობს შემოსავლების უთანასწორობის შემცირებას საქართველოში. 

საკვანძო სიტყვები:  ურბანიზაცია; ეკონომეტრიკული მოდელირება; ზიფის კანონი; შემოსავლების განაწილება. 

შესავალი

მდგრადი განვითარების კონცეფცია განსაკუთრებული აქტუალური გახდა ბოლო ათწლეულებში. ურბანიზაცია, როგორც ფენომენი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების ნათლად და ცხადად განსაზღვრულ მიზნებში (SGI).

თანამედროვე ეპოქაში ურბანიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ტრანსფორმაციას  და უშუალო კავშირშია ქვეყანაში  მიმდინარე  სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პროცესებთან (Liddle, B. 2017). უნდა აღინიშნოს, რომ ეს კავშირი და შესაბამისად დამოკიდებულება არ არის ცალმხრივი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები შესაძლოა სხვადასხვა მიმართულების აღმოჩნდეს. ერთი  მხრივ, ქვეყნის განვითარება განაპირობებს ურბანულ პროცესებს, მეორე მხრივ კი  ურბანიზაცია  გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე, სამართლიანობაზე, ეკოლოგიაზე და ზოგადად ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე.

ურბანიზაცია გულისხმობს ადამიანთა პოპულაციების ისეთ კონცენტრაციას ცალკეულ ადგილებში, როდესაც ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება ქვეყნის მთელს მოსახლეობაში.  ეს კონცენტრაცია იწვევს მიწის ტრანსფორმაციას საცხოვრებელი, კომერციული, სამრეწველო და სატრანსპორტო მიზნებისთვის. ურბანიზაციის შედეგად მიღებული დადებითი ეფექტების  გარდა, სწრაფმა  ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ, გამოკვეთა ისეთი სოციალური პრობლემები, როგორიცაა უთანასწორობა და დისბალანსი რაც  სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამან საფრთხე შეუქმნა მდგრადი განვითარებას განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სწორედ ამიტომ ეს საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს.

ურბანიზაცია მრავალმხრივი მოვლენაა და შეუძლებელია მისი გაზომვა ერთი კონკრეტული მაჩვენებლის მიხედვით. განვითარებადი ქვეყნების საქალაქო არეალში მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ზრდა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცალსახად დადებითი მოვლენა. მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა ზრდის სიკვდილიანობისა და დაავადებების განვითარების რისკებს. ეკოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად იცვლება სიმჭიდროვის ზრდასთან ერთად. ეკოლოგიურ სურათს ამძიმებს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის გაუარესება გამონაბოლქვისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, არამედ სწრაფი განაშენიანება გავლენას ახდებს და იმატებს წყალდიდობების, შტორმების, მეწყერების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ქალაქებში დაბალი  შობადობის მაჩვენებელი, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე აისახება, გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, სოციალური უთანაბრობის ზრდა და ა.შ. ურბანიზაციის პროცესის თანამდევი ნეგატიური ეფექტებია. 

თეორიულ-მეთოდოლოგიური ანალიზი

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული (სოციალური ინდიკატორები მოიცავს  სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, განათლების დონეს, ინფრასტრუქტურას, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სხვა).  ურბანული ქვეყნები, შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტუტიტებითა და სტაბილური ეკონომიკით გამოირჩევა, და ამავდროულად სტაბილურობა განაპირობებს  იმას, რომ მათ შეუძლიათ გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებსაც.  საკმაოდაა კ

ამ კონტექსტში  საინტერესოა ჩინეთის მაგალითი, სადაც  განვითარების მაღალი ტემპისა და ახალი ტიპის ურბანიზაციის შედეგად გაიზარდა უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის.  ბოლოდროინდელი ფაქტები აჩვენებს, რომ ეს სწრაფი ზრდა არ არის მდგრადი. მაგალითად, ჩინეთის საოცარ ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა სოფლისა და ქალაქების მაცხოვრებლებს შორის შემოსავლის უთანასწორობის პრობლემები და ეკო გარემოს დეგრადაცია (Li He, Xiaoling Zhang 2022). როგორ შეიძლება  მიღწეული იქნება გონივრული და ოპტიმალური დამოკიდებულება ურბანიზაციასა და ქალაქ-სოფელს შორის თანასწორობას შორის. ეს არის კრიტიკული საკითხი განსაკუთრებით განვითარებადი  ეკონომიკის მქონე ქვეყნების და მათ შორის საქართველოსთვისაც.

ზემოთაღნიშნულს უკავშირდება ურბანული განვითარების და ურბანული მდგრადობის შესახებ ლიტერატურის შესამჩნევი ზრდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაეროს მიერ მდგრადი განვითარების მიზნებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ურბანიზაციის თემამ.  ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ შემოსავლების მზარდმა უთანასწორობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და  გამოიწვიოს სოციალური არასტაბილურობა (Alesina & Perotti, 1996; Lu & Chen, 2006; Cheong & Wu, 2014; და სხვები, 2019).

კუზნეცის ჰიპოთეზა თავდაპირველად ემპირიული დაკვირვებებიდან და გამოკვლევებიდან გამომდინარეობდა და შემდგომში, კუზნეცის მრუდით  გამოვლენილი დამოკიდებულება  - ურბანიზაცია-უთანასწორობის არაწრფივი კავშირი კი არაერთი ემპირიული კვლევით დადასტურდა. ურბანიზაციას ცხადია შეუძლია გამოიწვიოს უთანასწორობა, ვინაიდან შემოსავლები ურბანულ დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე არაურბანულში.  არაერთი ემპირიული კვლევა ადასტურებს ურბანიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებასაც. რა თქმა უნდა კავშირი არაწრფივია. ურბანიზაცია აქვს პოტენციალი მოახდინოს ეკონომიკური ზრდის აქსელერაცია და ეს პოტენციალი ცხადია თავის მხრივ დამოკიდებულია ინსტიტუციურ გარემოსა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე.

ურბანიზაცია ეხება ქალაქების ფიზიკურ, ადამიანურ და ეკონომიკურ განვითარებას. იგი მოიცავს ხალხისა და სოციალური აქტივობების კონცენტრაციას, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით. ურბანიზაციის ხარისხი განპირობებულია როგორც მოსახლეობის ბუნებრივი ზრდით და მიგრაციით, ასევე ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებებით, რაც ადამიანებს უბიძგებს მიგრაციისკენ ურბანულ რაიონებში, რომლებსაც აქვთ დასაქმების შესაძლებლობები. ურბანიზაციის დონის შეფასებისათვის ფართოდ გავრცელებული  მიდგომის მიხედვით გამოიყენება შემდეგი ფორმულა (Bloom et al. 2010):  

 

სადაც  Urbant  - აღნიშნულია ურბანიზაციის დონე,  PUt  და  PRt  გამოხატავს  შესაბამისად ურბანულ და არაურბანულ მოსახლეობის რიცხოვნობას. 

დღეისათვის გლობალურ პრობლემათა შორის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქალაქთა ზრდის რეგულირება წარმოადგენს. ურბანიზაციის არეალებში მოსახლეობის რიცხოვნობის უპრეცედენტო ზრდის მართვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი პრობლემატური გახდა.  რატომ არის საჭირო ამ პროცესის გონივრულ ჩარჩოებში მოქცევა?

რთულია განისაზღვროს რამდენი უნდა იყოს ქალაქის მოსახლეობა, ანუ როგორი უნდა იყოს მოსახლეობის კონცენტრაციის დასაშვები ზღვარი.  რა თქმა უნდა ასევე რთულია განისაზღვროს ოპტიმალური პროპორცია ქალაქსა და სოფელს შორის, ურბანიზაციის ხარისხი, ქალაქად მოსახლეობის კონცენტრაციის და აგლომერაციების ხარისხი.

უაღრესად საინტერესოა ზიფის (George Kingsley Zipf)  კანონი ქალაქების ზომის  შესახებ. ზიფი ინგლისელი ლინგვისტი, რომელმაც ემპირიული დაკვირვების საფუძველზე  გამოავლინა კანონზომიერი დამოკიდებულება ლინგვისტიკაში. შემდგომში, საკმაოდ წარმატებითაც ზიფის კანონი გამოყენებულ იქნა ეკონომიკაშიც. კანონი არაერთ ემპირიულ კვლევაში დადასტურდა კიდეც. Zipf-ის კანონი ქალაქებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ემპირიული გამოხატულებაა ეკონომიკაში, და ზოგადად სოციალურ მეცნიერებებში.

დღეისათვის ითვლება რომ Zipf-ის კანონი უნივერსალურია ქალაქებისთვის. მკვლევარები ფართოდ იყენებენ ამ კანონს, როგორც სახელმძღვანელოს ურბანული სისტემების გასაგებად.   თავდაპირველად მეცნიერის ფ. აუერბახის (F. Auerbach) მიერ ემპირიული კვლევების შედეგად გამოვლინდა რომ ქალაქების ზომის განაწილება შეესაბამებოდა პარეტოს განაწილებას.

ვ. პარეტო შემოსავლების დიფერენციაციის საკითხის კვლევისას მივიდა დასკვნამდე რომ:  მოსახლეობის 20% ფლობს სიმდიდრის 80%-ს, ხოლო მოსახლეობის 80% კი მხოლოდ სიმდიდრის 20%-ს. განაწილებას ანალიტიკურად შემდეგი სახე აქვს:

                                                         Y(X) = A x-n                           (1)

მისი ექვივალენტური ფორმა:

                                                          log(y) = log(A) - alog(x)        (2)

სადაც x არის მოსახლეობის ზომა, y არის x-ზე დიდი ქალაქების რაოდენობა,  A  და α  კი  მუდმივები.

ფ. აუერბახმა წამოაყენა ჰიპოთეზა  „ქალაქის ზომის  ქვეყნის ან რეგიონის დონეზე მის რანგთან ემპირიული დამოკიდებულების შესახებ“. სწორედ ამ ჰიპოთეზის საფუძველზე იქნა შემოთავაზებული ზიფის კანონით ცნობილი ტერმინი (ანუ ზიფის განაწილება წარმოადგენს პარეტოს განაწილების კერძო შემთხვევას, როდესაც პარეტოს ინდექსი α  1-ის ტოლია). რაც უფრო მაღალია პარეტოს ინდექსი, მით უფრო თანაბრად არის განაწილებული ქალაქის სისტემა. ინდიკატორის დაბალი მნიშვნელობებით, ქალაქების სისტემა არათანაბარია. ექსტრემალურ შემთხვევებში, როდესაც ექსპონენტა მიდრეკილია უსასრულობისკენ, ქალაქის სისტემა ერთგვაროვანია, ქალაქები ერთი და იგივე ზომისაა. თუ მაჩვენებელი ნულის ტოლია, მაშინ მთელი მოსახლეობა კონცენტრირებულია ერთ ქალაქში. ზიფის კანონის არსი შემდეგში მდგომარეობს: თუ მოვახდენთ ქალაქების რანჟირებას მოსახლეობის რიცხოვნობის კლების მიხედვით, ორი ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის თანაფარდობა მათი რანგების თანაფარდობის უკუპროპორციული იქნება“. უფრო ზოგადად, Zipf-ის მიხედვით, თუ განვიხილავთ ქალაქების სისტემას, უდიდესი ქალაქი დაახლოებით ორჯერ აღემატება სიდიდით მეორე ქალაქს, სამჯერ აღემატება სიდიდით მესამე ქალაქს და ა.შ. აღნიშნული ფორმულირების ფორმალიზაცია კი შემდეგი სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ: 

                            Y(X) = A x-1                                                                (3)

ზიფის კანონის ტესტირება არაერთი შერჩევის საფუძველზე განხორციელდა და ემპირიულად დადასტურდა კიდეც აშშ-სა და ჩინეთში პ. კრუგმანის, კ. გაბაიკსის, ი. იოანიდესის და ოვერმანის და სხვა მეცნიერთა მიერ. 

ზიფის კანონის ვიზუალიზაციისთვის X ღერძზე განვათავსოთ შესაბამისი ქალაქი (ქალაქის ზომა, რომელიც გამოხატულია მოსახლეობის რიცხოვნობით), Y ხოლო ღერძზე კი ქალაქის რანგი (უკვე განხორციელებული რანჟირებული სიის მიხედვით). ნახაზი #1-ზე კი მოცემულია კრისტელის, ბატისა და პიეტრონელოს (Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. 2012)  მიერ განხორციელებული ემპირიული კვლევის გრაფიკული დადასტურება.

ნახ. #1 მსოფლიო 61 ქალაქის ზომის განაწილება ზიფის კანონის შესაბამისად

 

წყარო: Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. (2012)

პოლ კრუგმანის მიერ (კრუგმანი, 1996) აშშ 135 მეტროპოლიიის საფუძველზე განხორციელებულ კვლევითაც დადასტურდა ჰიპოთეზა და ამ შემთხვევაში განტოლებას ჰქონდა შემდეგი სახე:

Ln Rank = 10.53 - 1.005 Ln Size,                                                     (4)

სადაც დამოკიდებულ ცვლადად განხილულია ქალაქის რანგის ნატურალური ლოგარითმი, ხოლო დამოუკიდებელი ცვლადი კი წარმოადგენს შესაბამისი ქალაქის ზომის ნატურალურ ლოგარითმს. აღნიშნული განტოლება (დამოკიდებულება შერჩევის საფუძველზე) გამოხატავს ზიფის კანონს.

ემპირიული ანალიზი

საქართველოს ქალაქების ზომის მიხედვით  (კვლევისათვის განვიხილეთ 28 ქალაქი) რანჟირების შემდეგ ქალაქების რანგსა და მის ზომას შორის დამოკიდებულებას გრაფიკს კი ნახ.#2-ზე წარმოდგენილი სახე აქვს. წარმოდგენილი გრაფიკი გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას: პირველი - ცხადად ჩანს რომ საქართველოს შემთხვევა შესაბამისობაშია ზემოთ აღწერილ კანონზომიერებასთან, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისი, რომლის მოსახლეობაც რამდენადმე აღემატება სხვა ქალაქების მოსახლეობის რიცხოვნობას.  მეორე - საქართველოს შემთხვევა რომ შესაბამისი იყოს ზიფის მრუდისა ქალაქების ზომის შესახებ, თბილისის მოსახლეობა უნდა შეადგენდეს 500 000 – 600 000 -ს. 

ნახ. #2.  საქართველოს ქალაქების ზომის განაწილება ზიფის

 

წყარო: გრაფიკი აგებულია ავტორის მიერ 2015 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით  და მოიცავს საქართველოს 28 ქალაქს.

საინტერესოა აგრეთვე ურბანიზაციის ზეგავლენა შემოსავლების განაწილებაზე საქართველოში. ზემოთხსენებული ემპირიული კვლევების, თეორიულ ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებების გათვალისწინებით ავაგეთ მოდელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ურბანიზაციის ზეგავლენა შემოსავლების განაწილებაზე საქართველოში რეგიონულ ჭრილში.

                        (5)

სადაც

 (Urban) ,  - ურბანიზაციის დონეა, HDI  - ადამიანის განვითარების ინდექსი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი GDP, ხოლო  Inc - აღნიშნულია შემოსავლების განაწილების მაჩვენებელი. მოდელში გამოყენებული ცვლადების აღწერა მოცემულია ცხრილი #1-ში. 

ცხრილი #1. მოდელის ცვლადების აღწერა

ცვლადი

დეფინიცია

მოსალოდნელი ნიშანი

დამოკიდებული ცვლადი

 

მოსახლეობის საშუალოთვიური შემოსავლები + მიწისა და უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები (მლნ ლარი)

 

დამოუკიდებელი ცვლადები

Urbani

ურბანიზაციის დონე  i-ურ რეგიონში

+

GDPi

i-ური რეგიონის მთლიანი სამამულო პროდუქტი გაანგარიშებული მოსახლეობის ერთ სულზე

+

HDIi

i-ური რეგიონის ადამიანის განვითარების ინდექსი, როგორც ადამიანისეული კაპიტალის საზომი  

+

სტატისტიკური მონაცემები. ჩვენს რაოდენობრივ ანალიზში გამოყენებული მონაცემები, რომლებიც ასახავს შემოსავლების განაწილებას, გაანგარიშებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. გამოყენებული დამოკიდებული, დამოუკიდებელი ცვლადების მონაცემები მოიცავს საქართველოს 11 რეგიონის ურბანიზაციის დონეს,  საშუალო ყოველთვიურ შემოსავალს (მათ შორის უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს), მთლიან სამამულო პროდუქტს (მსპ) ერთ სულ მოსახლეზე რეგიონების მიხედვით, რეგიონის ადამიანური განვითარების ინდექსს, როგორც ადამიანისეული კაპიტალის საზომს. ჩვენ ვერ შევძელით პანელური მონაცემების გამოყენება შეზღუდული რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამო.

ემპირიული შედეგები

მოდელში ჩართული ცვლადების აღწერითი სტატისტიკები მოცემულია ცხრილი #2-ში.

ცხრილი #2 მოდელში ჩართული ცვლადების აღწერითი სტატისტიკები

ცვლადი

Income

Urban

HDI

GDP

საშუალო

4.3461823

-0.955074

-0.234190592

8.2833835

სტანდარტული შეცდომა

0.2942409

0.1310537

0.009186367

0.085901

სტანდარტული გადახრა

0.9758868

0.4346559

0.030467734

0.2849013

მინიმუმი

2.501436

-1.472895

-0.28103753

7.9861989

მაქსიმუმი

6.0663401

-0.025743

-0.181521877

8.9582828

დაკვირვებათა რიცხვი

11

11

11

11

შემოსავლების განაწილებაზე ურბანიზაციის ზეგავლენის შეფასება

(5) თეორიული მოდელის შეფასებულ მოდელს კი ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე აქვს შემდეგი სახე:

       Ln Inct = 3,7124 + 2,4991 Ln Urbant - 12,8792 LN HDIt - 0,6026 LN GDPt + Ut   (6)

შეფასების მეთოდის შესარჩევად, რომელიც შეესაბამება მონაცემებს, ჩვენ ავირჩიეთ უმცირეს კვადრატთა მეთოდი (OLS) F-ტესტირების გზით.  რეგრესიის ანალიზის შედეგი აჩვენებს, რომ p-მნიშვნელობა = 0,000 < 0,01 მოდელში მიუთითებს, რომ OLS მეთოდი შესაბამისია. შედეგები ასევე აჩვენებს, რომ F-ტესტს აქვს p-მნიშვნელობა

 ეკონომეტრიკული მოდელირების შედეგები და მიგნებები

ურბანიზაციის დომეს მოდელში  აქვს პოზიტიური რეგრესიის კოეფიციენტი 5%-იანი სტატისტიკური მნიშვნელოვნებით, რაც მიუთითებს ურბანიზაციის დადებით გავლენაზე საქართველოში რეგიონულ ჭრილში. ეს ნიშნავს, რომ უფრო მაღალი ურბანიზაცია ხელს უწყობს შემოსავლების უთანასწორობის შემცირებას, რაც შეესაბამება ურბანიზაციის გავლენას შემოსავლების განაწილებაზე ზოგადად.  ეს შედეგი შეესაბამება Johansson and Wang (2014) და ეწინააღმდეგება Beladi et al. (2017). ფაქტობრივად, ურბანიზაცია დაკავშირებულია ინდუსტრიული ზონებისა და კლასტერების ჩამოყალიბებასთან. ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე მიწა ან საერთოდ არ აქვთ სოფლად, მიგრირებენ ქალაქებში, რათა იმუშაონ ქარხნებში უფრო მაღალი ხელფასით, ვიდრე წინა სამუშაოები სოფლად, რაც ზრდის მათ შემოსავალს. შესაბამისად, ურბანიზაცია ხელს უწყობს შემოსავლების უთანასწორობის შემცირებას საქართველოში.

GDPi, რომელსაც აქვს უარყოფითი რეგრესიის კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის და  აჩვენებს  რომ გავლენა საქართველოს რეგიონებში შემოსავლების განაწილებაზე აღნიშნულ მაჩვენებელს არ აქვს. ეს შედეგი ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების უთანასწორობას შორის  U-ის ფორმის ჰიპოთეზა არ არის დადასტურებული.

HDIi-ს , რომელიც წარმოადგენს ადამიანისეულ კაპიტალს, აქვს უარყოფითი რეგრესიის კოეფიციენტი, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის, რაც გვიჩვენებს, რომ განათლებას გავლენა შემოსავლების განაწილებაზე არ აქვს (ანუ მოცემული სტატისტიკური მონაცემების პირობებში განათლება ვერ თამაშობს მნიშვნელოვან როლს საქართველოში შემოსავლების გადანაწილების შემცირებაში). ანალოგიური შედეგი აქვთ იოჰანსონსა და ვანგს (2014), რომლებმაც 1981-2005 წლებში 90 ქვეყანაში შემოსავლების უთანასწორობაზე განათლების გავლენა ვერ დაადგინეს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს წინა კვლევის (Totladze L., Khuskivadze M., 2022) შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში განათლების სფეროში სახელმწიფო დანახარჯები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეალურ მთლიან სამამულო პროდუქტზე (RGDP). ამ შემთხვევაში განათლების სახელმწიფო დაფინანსება ეკონომიკური ზრდის საზომი პარამეტრია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, განათლება არ არის ერთადერთი, ან მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ერთ სულ მოსახლეზე მსპ-ის ზრდისათვის, არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორები (Totladze L., Khuskivadze M., 2022). 

დასკვნა

ურბანიზაციის, როგორც მოვლენის მნიშვნელობაზე მეტყველებს ფაქტი, რომ მდგრადი განვითარების მიზნებში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. ურბანული ქვეყნები გამოირჩევიან შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით და მათ აქვთ უნარი, გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებს.

ამავდროულად, გლობალურ პრობლემათა შორის უმწვავეს პრობლემას ქალაქთა ზრდის რეგულირება წარმოადგენს. პრობლემის აქტუალობა განპირობებულია ურბანიზაციის როგორც ფენომენის მრავალმხრივობით. მას დადებით ეფექტებთან ერთად თან ახლავს ნეგატიური გავლენაც, რაც უმთავრესად უკავშირდება ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებას - მოსახლეობის სიმჭიდროვის ხარისხის ზრდა იწვევს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, დაავადებათა ზრდას და ა.შ. აუცილებელია შესწავლილ იქნეს ქალაქის მოსახლეობის ზრდის მიზეზები. საქართველოს ქალაქების ზომის მოდელირება ზიფის კანონის შესაბამისად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ქვეყნის დედაქალაქი ძალიან დიდია სხვა ქალაქების ზომებთან მიმართებაში. 

კვლევამ გააანალიზა და შეაფასა ურბანიზაციის გავლენა შემოსავლების განაწილებაზე საქართველოში. ჩვენ გამოვიყენეთ  ეკონომეტრიული ტექნიკა და მეთოდები: ჩვენი კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები:  ურბანიზაცია ხელს უწყობს შემოსავლების უთანასწორობის შემცირებას საქართველოში. ჰიპოთეზა ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების უთანასწორობას შორის შებრუნებული U- ფორმის ურთიერთობის შესახებ არ არის დადასტურებული კვლევის პერიოდში.

იმის გამო, რომ ურბანიზაცია ამცირებს შემოსავლების უთანასწორობას, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველომ უნდა გააგრძელოს ურბანიზაციის ხელშეწყობა. ეკონომიკური ზრდა მოქმედებს შემოსავლების უთანასწორობის შემცირებაზე, ამიტომ ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის გაზრდის პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობის შესამცირებლად. რამდენადაც ინტელექტუალური სტანდარტების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს უთანასწორობის შემცირებას, განათლების გასაუმჯობესებლად საჭიროა მეტი მხარდამჭერი პოლიტიკა.

გამოყენებული ლიტერატურა:

Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. (2012). There is More than a Power Law in Zipf. Sci Rep 2, 812 . https://doi.org/10.1038/srep00812

Li He, Xiaoling Zhang (2022). The distribution effect of urbanization: Theoretical deduction and evidence from China. Habitat International. 123.  doi.org/10.1016/j.habitatint.2022.102544;   

Xavier Gabaix (1999). Zipf's Law for Cities: An Explanation.   The Quarterly Journal of Economics, Oxford University Press. Vol. 114, No. 3, pp. 739-767;

Liddle, B. (2017). The Urbanization, Development, Environment, and Inequality Nexus: Stylized Facts and Empirical Relationships. ADBI Working Paper 788. Tokyo. https://www.adb.org/publications/urbanizationdevelopment-environment-and-inequality-nexus;

Nguyen Minh Ha, Nguyen Dang Le, Pham Trung-Kien (2019). The Impact of Urbanization on Income Inequality: A Study in Vietnam. J. Risk Financial Management,  12, 146; doi:10.3390/jrfm12030146;  

Totladze L., Khuskivadze M, Veshapeli G. (2022). THE ROLE OF HUMAN CAPITAL IN THE FORMATION OF DETERMINANTS OF INNOVATION ACTIVITYECONOMICS, BUSINESS AND ADMINISTRATION, [S.l.], n. II, p. 71-80, ISSN 2720-8249. Available at: http://www.sciencejournals.ge/index.php/bu/article/view/302 ;

Totladze L., Khuskivadze M. (2022). ადამიანკაპიტალისგაზომვისკონცეპტუალური  ასპექტები. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“,  #3.  ISSN 1987-5789, ESSN2587-5426;

Totladze L., Khuskivadze M. (2022). The Impact of Human Capital and Innovation Determinants on Economic Growth: Evidence from Georgia.  International Journal of Business & Management Studies. ISSN 2694-1430 (Print), 2694-1449 (Online) Volume 03; Issue no 09: September,  p. 28-33 https://doi.org/10.56734/ijbms.v3n9a4;  

Totladze L. (2020) Government Expenditure on Education and R&D as a Factor of Human Capital and its Impact on Economic Growth.  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი. „ეკონომისტი“,  2020, #2. ISSN 1987-6890  https://doi.org/10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.02.TOTLADZE ;